გერმანული ენა

 

ენა წარმოადგენს ეროვნული თვითმყოფადობის უპირველეს ნიშანს.
გერმანული ენა განეკუთვნება ინდოევროპულ, კერძოდ გერმანიკულ ენათა დასავლურ ჯგუფს. ენა დინამიური ფენომენია, ის გამუდმებით განიცდის გარკვეულ მეტამორფოზას. გერმანული ენის  ტრანსფორმირების პროცესი განვითარების შემდგომ ეტაპებს მოიცავს:

 

750–1050: ძველი ზემოგერმანული  
1050–1350: საშუალო ზემოგერმანული     
1350–1650: ადრეული ზემოგერმანული
1650-დან დღემდე: თანამედროვე სალიტერატურო გერმანული 

 

გერმანული ენის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მარტინ ლუთერმა (1483–1546). მან ახალი აღთქმა ხალხისათვის გასაგებ ენაზე თარგმნა, რითაც ხელი შეუწყო ფართო მასებში ერთიანი სალაპარაკო ენის დამკვიდრებას.

თანამედროვე გერმანული ანბანი აგებულია ლათინურ დამწერლობაზე. ის  ოცდაექვსი ასოსგან შედგება. გარდა ამისა აღნიშნულ ენაში წარმოდგენილია ე.წ. უმლაუტები: ä, ö, ü, დიფთონგები: ei, eu და ასოთშეთანხმებები: tsch, sch, ch, ß=ss..., რაც ქართულისთვის სრულიად უცხოა.

 

გერმანული ენა მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართული ენის გრამატიკისგან. განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს მაგ. არტიკლი (სქესის გამომხატველი მეტყველების ნაწილი), თავსართი და წინადადების წევრთა მკაცრი წყობა.

 

ავსტრიული გერმანულისთვის ნიშანდობლივია მცირედი გადახრა სტანდარტული გერმანულიდან. ეს თავისებურებები ცნობილია ავსტრიაციზმების სახელწოდებით (მაგ Januar - Jänner). მსგავსი ფენომენი შვეიცარიულ გერმანულში ჰელვეტიზმებად ჩამოყალიბდა.

 

გერმანული არის უაღრესად ზუსტი (იგი საუკუნეების მანძილზე მეცნიერების პირველ ენად იყო აღიარებული), მოქნილი, ექსპრესიული, ხატოვანი, ფრაზეოლოგიზმებით მდიდარი ენა.
სალაპარაკო ენად გერმანული გამოიყენება  შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, ავსტრია, შვეიიცარიის გერმანულენოვანი ნაწილი, ლუქსემბურგი, სამხრეთ ტიროლი (იტალია), ბელგის ნაწილი, ლიხტენშტაინი. გერმანულ სათვისტომოთა დამსახურებაა ამ ენის გავრცელება  საქართველოში, საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში და ამერიკის კონტინენტზე.

აქტუალური მონაცემებით დაახლოებით 105 მილიონი ადამიანისთვის გერმანული წარმოადგენს მშობლიურ ენას. 80 მილიონისთვის ის არის უცხო ენა.

საქართველოში სუსტდება გერმანული ენისადმი ინტერესი. მას, ისევე როგორც ყველგან მსოფლიოში,  გლობალიზაციის გავლენით, ინგლისური ჩაენაცვლა. თუმცა გერმანულს როგორც მეორე უცხო ენას, გერმანულენოვან ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო ურთიერთობათა გააქტიურების გამო, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უფრო მყარი პოზიცია უჭირავს.

 

 


 

ლიტერატურა:

  1. ნებიერიძე. ენათმეცნიერების შესავალი. თბ. 1991
  2. გვენცაძე, თ. ჭიჭინაძე. გერმანული ენის ისტორია. თბ. “განათლება,” 1993
  3. DUDEN. Herkunftswörterbuch der Deutschen Sprache. Mannheim 1994
  4. Moskalskaja, O.I Deutsche Sprachgeschichte. M. 1977